ქართული |
 

 ღირსი მამა პატაპიოსი 

ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინამრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა. საბერძნეთში ყოფნის დროს მრავალი წმინდა ადგილი მოვილოცე, მათ შორის წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერი. წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენისგან მოშორებითაა და საკმაოდ შემაღლებულ ადგილზე დგას. მაღალი კიბის ავლის შემდეგ თვალწინ უმშვენიერესი მონასტერი გადამეშალა. იქაურობას მეტ მადლს ჰფენს წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეული, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წმინდანის უხრწნელი სხეული ხის სარკოფაგშია ჩაბრძანებული, ზემოდან შუშითაა დაფარული. წმინდა სხეულთან მიახლება და მისი ნახვა ყველა მომლოცველს შეუძლია. ტაძარში უამრავი კანდელი ანთია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის და რწმენით მისულებს უნუგეშოდ არავის ტოვებს. წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერში მოღვაწობს ქართველი მონაზონი, დედა ოლიმპიადა (ტრაპაიძე). დედა ოლიმპიადა პირადად გავიცანი და მასთან ინტერვიუც ჩავწერე, რასაც ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.ღირსი მამა პატაპიოსი დაიბადა 380 წელს ეგვიპტეში. მდიდარ და მორწმუნე ოჯახში. სწავლის დასრულების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლში სულიერი გაბრწყინებისა და ბერული ცხოვრების დასაწყებად. მიაღწია ძალიან დიდ სიწმინდეს და მადლს. სურდა ერისგან დაფარულად ეღვაწა. იპოვა თავშესაფარი, სადაც განმარტოებულად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა იქაც მიაგნო - მისგან ელოდნენ ღვთიური სიბრძნით სავსე რჩევას. კონსტანტინოპოლში დაბრუნდა ორ განდეგილ მოღვაწესთან ერთად. ისინი არსებობდნენ მხოლოდ უფლისთვის. გადაწყვიტეს, აეშენებინათ განდეგილობისთვის შესაფერისი საცხოვრისი. ღირსმა მამა პატაპიოსმა ჩრდილოეთით ააგო მონასტერი, ღირსმა თიო ვარამ - ღირსი პატაპიოსისა და ღირსი თეოფრონა რავულას მონასტრებს შორის. ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა. მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა.ცოტა ხნის შემდეგ განადგურდა ეგვიპტელთა მონასტერი და წმინდა ნაწილები, დასაცავად ღირსმა ვარამ გადააბრძანა წმინდა იოანეს მონასტერში, სადაც თავად მოღვაწეობდა. მონასტერს პალეოლოგებთან ერთად იცავდა წმინდა იპომონი (იპომონი მოთმინებას ნიშნავს) - ბიზანტიის იმპერატორის დედა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და დამპყრობლებმა სასტიკად აწამეს.კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აგელის ნოტარამ, პალეოლოგების ნათესავმა, აგარიელების შთამომავლებისგან რომ გადაერჩინა ღირსი პატაპიოსის ნეშტი, გადაიტანა გერანის საზღვართან და დამალა ძნელად მისადგომ მღვიმეში. ეს გამოქვაბული XI საუკუნით თარიღდება, რასაც მოწმობს ფრესკები წმინდა პატაპიოსისა და წმინდა იპომონისა, რომლის წმინდა ნაწილებიც ინახება წმინდა პატაპიოსის მონასტერში. 1904 წელს მონასტრის გადიდება დაიწყეს. ერთ-ერთ ბერს გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი და აუწყა, ეთქვა მუშებისათვის, ფრთხილად ემუშავათ, რომ არ დაეზიანებინათ მისი დაფარული წმინდა ნაწილები. 1952 წელს აღმოაჩინეს წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული და აქ დედათა მონასტერიც დაფუძნდა. მონასტერს წმინდა პატაპიოსის სახელი ეწოდა. ღვთის განგებით წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული. შეგვეწიოს წმინდა პატაპიოსის მადლი!

წმიდა დიდმოწამე მარინე
17 (30) ივლისი; წმინდა დიდმოწამე მარინე მცირე აზიაში, პისიდიის ქალაქ ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის, ედესიოსის ოჯახში დაიბადა. ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ მახლობელ სოფელში მცხოვრებ ძიძას მიანდო. გარეგნობით მშვენიერი გოგონა ზნეკეთილობითა და გონიერებითაც გამოირჩეოდა. III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისში იმპერატორი დეოკლეტიანე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს მრავალი წარმართის მოქცევა. თორმეტი წლის ასაკში მარინემ პირველად შეიტყო, ჭეშმარიტი ღმერთის სახელი და იწამა იესო ქრისტე, თუმცა ვერ მოინათლა, რადგან მის სოფელში ქრისტიანი მღვდელი არ იმყოფებოდა. როდესაც მამამ გაიგო ქალიშვილის გაქრისტიანების ამბავი, შეიძულა და თავის შვილად აღარ თვლიდა. მარინემ მთელი სასოება ზეციურ მამაზე დაამყარა. ერთხელ, თხუთმეტი წლის პირმშვენიერ მარინეს შემთხვევით თვალი მოჰკრა აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქმა - ოლიმბრიმ, რომელიც ანტიოქიაში მიემართებოდა მართლმორწმუნეთა დასასჯელად. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ეპარქმა ბრძანა მისი შეპყრობაჲ და თავის თანმხლებთ უთხრა: „უკუეთუ აზნაურ იყოს, ვიპყრა იგი ჩემდა ცოლად, და უკუეთუ მხევალი იყოს, მივსცე სასყიდელი, და იყოს იგი ჩემდა ხარჭად“. მთავარმა მოაყვანინა ქალწული და წარმომავლობა და სახელი ჰკითხა, მან კი თავმდაბლად უპასუხა: „ვარ მე ქრისტეანე და მერმე თავისუფალი და მარინა არს სახელი ჩემი. ვმსახურებ ღმერთსა ყოვლისა შემოქმედსა იესუ ქრისტესა მამისა მისისა თანა და სულისა წმიდისა, ერთსა ღმერთსა ჭეშმარიტსა“. ეპარქმა მეომრებს მისი ქალაქისაკენ წაყვანა უბრძანა. გზაში მარინე სასოებით ლოცულობდა და შეწევნასა და სიბრძნეს შესთხოვდა უფალს. ანტიოქიაში შესვლისთანავე ეპარქმა მსხვერპლი შესწირა თავის ღმერთებს და სადაც კი ქრისტი­ა­ნებს წააწყდა, შეიპყრო და ციხეში ჩაყარა, მარინე კი მეორე დღესვე სამსჯავროზე მოაყვანინა და უთხრა: იცოდე, რომ თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავ, საშინელ სატანჯველებსაც აცდები და ცოლადაც მოგიყვანო. წმინდა მარინემ უყოყმანოდ უარყო მაცდური წინადადება და თქვა: მე მისწავლია ყოვლადწმინდა სამების, ცხოველი და ჭეშმარიტი ღმერთის აღიარება, ვიცი, რომ მას უნდა ვცემდეთ თაყუანს და მას, ერთადერთს ვწირავდეთ ქების მსხვერპლს. მე არ ვცემ თაყვანს ღმერთებს, რომელთაც არ ვიცნობ და არც მსხვერპლს შევწირავ მათ: ისინი უსულონი და უგრძნობელნი არიან და ისიც არ ესმით, თაყვანს სცემენ მათ თუ შეურაცხყოფენ. მე არ მივაგებ კერპებს იმ პატივს, რაც ჩემს შემოქმედს შეეფერება. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავ სასიძოს, ზეციურ მეუფეს - იესო ქრისტეს მივატოვებ და სულით მკვდარს გავყვები ცოლად? - არასოდეს. ეპარქმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და უბრძანა, სამოსელი განეძარცვათ მისთვის, მიწაზე დაეგდოთ, დაუნდობლად გაეშოლტათ და რკინის სამთითებით დაეჯიჯგნათ. მტარვალებმა დაუყოვნებლივ აღასრულეს ბრძანება. მარინეს ნაზი სხეული ღრმა იარებმა დასერეს. ჭრილობებიდან სისხლი ნაკადულებად სდიოდა და მიწა წითლად იღებებოდა. ამის შემხედვარე ხალხი სიბრალულით განიმსჭვალა მშვენიერი ქალწულის მიმართ, ბევრი ტიროდა, სხვანი კი თავის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ წმინდანს. მაშინ ეპარქმა ბრძანა მისი კუერთხით გუემა, წმინდა მარინემ კი უფლისაკენ მიმართა სულიერი თვალი და ლოცვა დაიწყო - ზეგარდამო შეწევნასა და მოწამეობრივ ღვაწლში განმტკიცებას ითხოვდა. მართლაც უფლის შეწევნით იგი ტკივილს ვეღარა გრძნობდა. ყრმა ქალწულის მოთმინებამ განარისხა ეპარქი და მისი ბნელ ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა. საპყრობილეში გამომწყვდეული მარინე კვლავ სასოებით ლოცულობდა, მისი გამზრდელი თეოტიმი კი გასაჭირში არ ტოვებდა თავის აღზრდილს და სარკმლიდან აწვდიდა პურსა და წყალს. იგი ისმენდა და იწერდა ყოველ მის სიტყუასა და ლოცვას და მომსწრე გახდა ქალწულმოწამის ეშმაკთან შებრძოლებისა, რაც სიტყვასიტყვით აღწერა. ეშმაკმა განიზრახა საშინელი ჩვენებით შეეძრწუნებინა ქალწული, და გამოეცხადა ჭრელი, ვეებერთელა საზარელი გველეშაპის სახით, რომელსაც გარს უამრავი მომცრო გველი და იქედნე ეხვია. „ვეშაპი დიდი და საშინელი ფრიად, და თმაჲ მისი, ვითარცა ოქროჲ ფერითა იყო, კბილნი მისნი ელვიდეს, ვითარცა ვეცხლი, თუალნი მისნი მსგავსნი მარგალიტისანი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა ალი ცეცხლისაჲ და არმული კუამლისაჲ ფრიადი, და ენაჲ მისი იყო, ვითარცა სისხლი, წამწამნი თუალთა მისთანი, ვითარცა ალის-წუერი. და ესრეჱთ შუვა საპყრობილესა მას ვიდოდა და გარე-მოადგა წმიდასა მას. და ნათრევი მისი, ვითარცა გზაჲ, ჩუენდა შუვა სახლსა მას საპყრობილისასა. და იქმნა წმიდაჲ იგი შეშინებულ მისგან, და შეიმუსრვოდეს ძუალნი მისნი, და იცვალა ფერი პირისა მისისაჲ შიშისაგან“, თუმცა ლოცვაჲ არ დაავიწყდა და მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ღაღადყო: „უფალო უხილაო, რომლისაგან ზღუაჲ და ყოველნი უფსკრულნი ძწიან, რომელმან დაამყარე ქუეყანაჲ და ზღუასა საზღუარი დაუდევ, რაჲთამცა არა გარდაჰჴდეს ბრძანებასა შენსა, და კრულნი განჰჴსნენ და ეშმაკი შეჰკარ, რომელმან დასთრგუნე ჴელმწიფებაჲ დიდისა მის ვეშაპისაჲ, შენვე, უფალო, დაამჴუ ვეშაპისა ამის ძალი და მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე ობოლი და მძაფრ შეპყრობილი სული და ნუ უტეობ მჴეცსა ამას ძლევად ჩემდა, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცთური ყოველთა კაცთაჲ. არამედ მე მომეც ძალი, რაჲთამცა ვსძლო მბრძოლსა ჩემსა, რომელსა ჰნებავს შთანთქმაჲ ჩემი მსწრაფლ და ბუდესა თჳისსა წარყვანებაჲ ჩემი ეგულების“. წარმოთქვა თუ არა ეს წმიდანმა, „აღაღო პირი თვისი ვეშაპმან მან და დასდვა თავი თავსა ზედა წმიდისა მის ქალისასა და ენაჲ წარმოაგდო და შთანთქა იგი მუცელსა თვისსა. ხოლო ნეტარისანი მის ხელნი იყვნეს განმარტებულ ჯუარის-სახედ, და დასწერა ჯუარი მუცელსა მას ვეშაპისასა, და ორად განიპო ვეშაპი იგი, და გამოვიდა წმიდაჲ იგი, და ყოვლადვე არა იყო მის თანა ვნებაჲ... ხოლო იდვა ვეშაპი იგი მკუდარი“. ამ დროს მან საპყრობილის მარცხენა კუთხეში დაინახა კაცივით მჯდომარე შავი არსება, რომელსაც ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და ლოცვა დაიწყო: „გაქებ და გადიდებ, მხიარულ ვარ და განვსცხრები, მეუფეო უკუდაო, რამეთუ ვიხილე ვეშაპი ქუეყანასა ზედა დამჴობილი, ვიხილე მკლველი ჩემი მოკლული შენ მიერ, ვიხილე იგი მადლისაგან შენისა დათრგუნვილი, ვიხილე გზაჲ მისი გარე-წარსრული ჩემგან, და რამეთუ გესლი მისი მასვე ექმნა მაკუდინებელ, ვიხილე საშინელებაჲ მისი დამჴობილი, ვიხილე ჯუარი შენი აღყუავებული. რომლისა ძალითაცა მოვკალ მაშინებელი ჩემი და დავთრგუნე და ვპოვე კადნიერებაჲ ძლევისაჲ. ამისთვის გმადლობ შენ, წმიდაო მეუფეო საუკუნეო, რომელსა მხოლოსა გშუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ“. ამ დროს ადგა ეშმაკი, მიუახლოვდა, ფეხები შეუკრა და უთხრა: „კმა არს აწ შენდა, ჰოჲ, ქალო“. მაშინ წმინდა მარინემ თმით დაითრია და ძირს დაახეთქა, მერე მარჯუენა ფეხი დაადგა ქედზე. და იქვე, კუთხეში ნაპოვნი ხის ნაპობით „სცემდა შუბლსა მისსა ძლიერად და ეტყოდა: „დასცხერ ჩემგან და ნუ მბრძავ, რამეთუ მე ღმერთი მაქუს მცველად ქალწულებისა ჩემისა; დასცხერ ჩემგან, ჰოი, ბოროტო ნათესაო, მაზრზენელო და მკლველო კაცთაო, რამეთუ ქრისტე შემწე ჩემდა არს, ძჱ ღმრთისაჲ. მე ვარ მხევალი მისი, რომლისაჲ სახელი მისი კურთხეულ არს“. უფალს რომ ჰმადლობდა, საპყრობილე განათდა და წმინდა მარინეს ზეციური ნათელი მოეფინა. მან ზემოთ აიხედა და დაინახა: დილეგს სახურავი ახდოდა, იქიდან კი თითქოს მზის სხივები იფრქვეოდა. იხილა დიდი ჯვარიც, რომელიც საოცარი შუქით ბრწყინავდა. მის ზემოთ კი თეთრი მტრედი გამოჩნდა, რომელიც ადამიანის ხმით ესიტყვებოდა: „გიხაროდენ მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რომელმან ვეშაპი მოჰკალ, ჵ, მარინა, და კბილნი მისნი შეჰმუსრენ და ქალწულებაჲ თვისი დაიცევ უბიწოდ, შენთვის განმზადებულ არს გვირგვინი დიდებისაჲ, გიხაროდენ და იშუებდე, ასულო ზეციერისა სიონისაო, რამეთუ გელიან შენ წმიდანი ქალწულნი კართა სამოთხისათა მისლვად წიაღთა აბრაამისთა, რამეთუ სძლე მტერსა მას“. მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულ მოწამეს გამოუთქმელი სიხარული დაეუფლა, ხოლო მისმა დახეთქილმა სხეულმა გამრთელება დაიწყო. ტკივილი და სისუსტე გაქრა. უწინდელივით ჯანმრთელი და მშვენიერი მარინე ჭეშმარიტ ღმერთს მადლობდა და დაუცხრომელად ადიდებდა. მეორე დღეს ეპარქმა ოლიმბრიმ კვლავ მოიწვია უსამართლო სამსჯავრო. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ხოლო როცა სულითა და ხორცით ახოვანქმნილი ქალწული კვლავ მათ წინაშე წარსდგა, უგულისხმონი ამ სასწაულმაც ვერ მოიყვანა გონს. მისი განკურნება ეპარქმა კერპებს მიაწერა და მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა კვლავ მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლ-შეწირვაზე უარი განაცხადა. განრისხებული ეპარქის ბრძანებით მარინე ლურსმნებით ფიცარზე დააჭედეს და ანთებული სანთლებითა და გახურებული რკინით სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუშანთეს, მაგრამ წმინდანი გულში ლოცულობდა და უსიტყვოდ ითმენდა ტანჯვას. თვითონ ეპარქმაც კი ვერ აიტანა წამების საშინელება და ხელებით დაიფარა სახე. როდესაც ცოცხალ-მკვდარი მარინე ხიდან ჩამოხსნეს, ხმამაღლა შეღაღადა უფალს: უფალო, რადგან ღირსი გამხადე შენი სახელისათვის ცეცხლში გამევლო, ახლა წმინდა ნათლისღების წყალიც მაღირსე და ცოდვებისაგან განწმენდილი შენს განსასვენებელში შემიყვანეო. მტარვალმა მოისმინა, რომ მარინემ წყალი ახსენა, მყის ბრძანა მოეტანათ წყლით სავსე უზარმაზარი კასრი და ხელფეხშეკრული მარინე შიგ დაეხრჩოთ. უფლის მიერ განმტკიცებული ქალწული კი უფალს შესთხოვდა, რომ ეს სასჯელი ნათლისღებად ჩაეთვალა. მსახურებმა იგი კასრში ჩააგდეს და მის დახრჩობას შეეცადნენ. უეცრად მიწა იძრა და თოკები, რომლითაც მარინე იყო შეკრული, დაწყდა, ხოლო შეძრწუნებული მსახურები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. წმინდანის თავზე არაამქვეყნიური ნათლის სხივები გამობრწყინდა და კვლავ გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით ოქროს გჳრგჳნი ეჭირა. იგი წმინდანის თავზე ლივლივებდა, ნელა ეხებოდა მას და კვლავ მაღლა მიფრინავდა. ხალხში ბევრი ფარული ქრისტიანი იყო და ისინიც გახდნენ ამ გამოცხადების ღირსნი. მარინე კი წყალში არ იძირებოდა და ყოვლად წმინდა სამებას ადიდებდა. მის თავზე ცეცხლის სვეტი აღიმართა, რომელსაც გასხივოსნებული ჯვარი ამშვენებდა. მტრედი აფრინდა და ჯვარზე დაჯდა, ხოლო მაღლიდან ხმა მოისმა: მშვიდობა შენთანა, ქრისტეს სძალო მარინე, დღეს უფალი სათნოებათა უჭკნობ გვირგვინს მოგანიჭებს და ზეციურ სასუფეველში წმინდათა თანა განისვენებ! როდესაც ეს ხმა ესმათ და დაინახეს, რომ მარინე უვნებელი ამოვიდა წყლიდან, მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მზად იყო მისთვის სიკვდილი დაეთმინა. ეპარქი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. იმ დღეს 15.000 წარმართმა სისხლით იღო ნათელი და მოწამეთა დასს შეუერთდა. წმ. მარინე დასასჯელად რომ გამოიყვანეს, ხალხს მოუწოდა დაეგდოთ ეშმაკის საცთური, სულის წარმწყმედელი კერპთმსახურება და ეცნოთ ერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, შემდეგ კი ლოცვა დაიწყო. უეცრად მიწა იძრა და ხალხი შიშმა შეიპყრო, ბევრი მიწაზე დაეცა და ჯალათიც პირქვე დაემხო. თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის სასძლოს წმინდა ანგელოზებთან ერთად: ზეციურ განსასვენებელში უხმობდა წმინდა მოწამეს. მარინეს გამოუთქმელი სიხარული დაეუფლა და ჯალათს ბრძანების აღსრულება დააჩქარა, მანაც უმალ თავი წარკვეთა. წმ. მარინეს სული უფალმა ცათა სასუფეველში აიყვანა, მისი სხეული კი უხრწნელებით განადიდა. წმ. დიდმოწამე მარინეს მარტჳლობა აღწერა მისმა აღმზრდელმა თეოტიმმა, რომელიც ყველა ამ ვნებას დაესწრო და მოწამისათვის მოვლენილი ჩვენებების ღირსიც გახდა. ეკლესიამ ქალწულმოწამე მარინე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 17 ივლისი (ახ. 30 ივლისი) დაადგინა. წმ. მარინეს უხრწნელი ნაწილები 908 წლამდე ანტიოქიაში ესვენა, ამის შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა, სანამ 1204 წ. ქალაქს ჯვაროსნები აიღებდნენ. შემდეგ მისი ნაწილები დასავლეთში გადააბრძანეს და იტალიაში, მონტეფიასკოში (ტოსკანა) დაასვენეს. დასავლეთის ეკლესია წმ. მარინეს წმ. მარგარიტას სახელით მოიხსენიებს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება დიდმოწამის პატიოსანი მკლავი, მეორე მკლავი კი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში (უსამკაულოდ, აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი). როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, წმ. მარინეს მკლავი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართთან და სხვა სიწმიდეებთან ერთად მუზეუმში ხობის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტრიდან (XII ს) გადაუტანიათ. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე ძამპი საქართველოდან რომში გაგზავნილ მოხსენებაში აღწერს ხობში დაცულ სიწმიდეებს: „აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი... წმინდა მარინეს მკლავი“. როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონიათ დიდმოწამე მარინესი და მრავალი ეკლესიაც აუგიათ მის სახელზე: კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმ. მარინეს ეკლესია. 2009 წლის თებერვლის დასაწყისში გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაჩნაძეანის წმ. მარინეს ეკლესიაში, სადაც ცოტა ხნის წინ კედელში ჩატანებული მოწამის ძვლები აღმოჩნდა, ფოტოკამერამ ზეაპყრობილი ხელი დააფიქსირა. წმ. მარინეს ძვლების ფრაგმენტების აღმოჩენის პირველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა გასულ წელს, ვეჯინის ღვთაების ეკლესიაში (XIV-XV სს) მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს. ჭიათურაში, სოფ. შუქუთში ხელახლა ააშენეს წმ. მარინეს დანგრეული ეკლესია; თმოგვის ციხის შიგნით ხელოვნურად ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, მიუვალ კლდეზე დგას მეტად დაზიანებული წმ. მარინეს გუმბათიანი ეკლესია (1303წ), განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე ორი სართულით (მიმდინარეობს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები); გურიაში - ნაგომრის ეკლესია; მარაბდის უძველესი ეკლესია, რომლის ეზოშიც განისვენებენ 1625 წ. მარაბდის ცნობილი ბრძოლის დროს გმირულად დაცემული, აწ უკვე წმინდანებად შერაცხული ცხრა ძმა ხერხეულიძე (ტაძარში ღმრთიმსახურება განახლდა); წმ. დიდმოწამე მარინეს სახელზეა ნაკურთხი: ახალციხის - რაბათის ეკლესია (XXს) და მონასტერი; საფარის (ახალციხის რ-ნი); გარეჯის (XVI-XVIIს.ს); ქ. გურჯაანის „წმინდა მარინეს საყდარი“ (ქალაქის სასაფლაო); გუდალეთის, ხოვლეს (კასპის რ-ნი); სურამის; ხაშურის (ხაშურის წმ. მარინეს სახ. დედათა მონასტერი დაარსდა 2008 წლის 30 ივლისს წმ. მარინეს ხსენების დღეს); ბიჯნისის, მცხეთიჯვარის, ბუღაურას, წრომის, ცოცხნარის, დიდი ხოვლეთის, ქვიშხეთის (ხაშურის რ-ნი); ბრეძის, აბისის, ატოცის ორი ეკლესია, რუისისა და აბანოს (ქარელის რ-ნი); ჭორვილის (საჩხერის რ-ნი); ყორნისის (ზნაურის რ-ნი); კულბითის, ქვემო დმენისისა და ბელოთის (ცხინვალის რ-ნი); სოფელ დიღმის წმ. მარინეს XIV ს-ის ეკლესია; კარბის, ხურვალეთის (გორის რ-ნი); „მარილის ეკლესია“; სეფის სამლოცველო, ოძისის (მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ოძისის ჩრდილოეთით, 700-800 მეტრზე, ტყით დაფარულ გორაკზე), შარახევის (დუშეთის რ-ნი); თმოგვის (ასპინძის რ-ნი); ნულის (ზნაურის რ-ნი); მატა­ნის, ბაბანეურის, ხევისჭალის (ახმეტის რ-ნი); დმანისის; ახალგორის; იკოთის, ზემო ბოლის, თოხთის, ქვემო ალევის (ახალგორის რ-ნი); წავკისის; ატოცის (მცხეთის რ-ნი); მუხლის (ამბროლაურის რ-ნი VIII ს) ეკლესიები. წმინდა მარინეს სახელზეა ნაკურთხი ქაშვეთის ეკლესიის ქვედა სართულზე მდებარე ეკლესიაც. წმ. მარინეს ეკლესია ავლაბარში, დუშეთის ქუჩაზეც მდებარეობს. იგი ეზოს სიღრმეში განთავსებული და საცხოვრებელი სახლებითაა გარშემოტყმული. სამხრეთით, კარის ზემოთ, ქვაზე მოცემული ორენოვანი (ქართული და რუსული) წარწერა გვამცობს, რომ წმ. მარინეს ეკლესია აიგო 1856 წელს მიტროპოლიტ ისიდორეს ნებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, წმ. მარინეს ეკლესიამ სხვა მრავალი ტაძრის ბედი გაიზიარა, ღმრთისმსახურება გაუქმდა და მასში ფოტოლაბორატორია განთავსდა. 2002 წლიდან ტაძარი კვლავ მოქმედია.
წმინდა სერაფიმე ვირიცელი
21 (03.04) მარტი 1866 წელს იაროსლავის მაზრაში, გლეხ ნიკოლოზ და ქიონია მურავეევების ოჯახში, დაიბადა ვაჟი ვასილი. ბიჭი ათი წლისა იყო, მამა ჭლექით რომ მოუკვდა. კეთილმა მეზობელმა ობოლი პეტერბურგში წაიყვანა და სავაჭრო დუქანში მოაწყო სამუშაოდ. აქ ბევრი მისი თანამემამულე მუშაობდა და საქმე აწყობილი ჰქონდათ. ბიჭის გულში ერთი ოცნება კიაფობდა - როგორმე მონასტერში წასულიყო. სცადა კიდეც ბედი, უფროსს დაეთხოვა და წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში წავიდა. წინამძღვარი არ დახვდა და ცნობილ სქემმონაზონთან მივიდა სასაუბროდ. ღირსმა მამამ დაარიგა: - დარჩი სოფელში, შექმენი კარგი ქრისტიანული ოჯახი, აღზარდე შვილები და ამის შემდეგღა მიუძღვენით შენ და შენმა მეუღლემ თავი უფალსო. თავმდაბალმა და მორჩილმა ბიჭმა ბერის პასუხი ღვთის პასუხად მიიღო და მუშაობა გააგრძელა. მარტოდმარტომ შეისწავლა წერა-კითხვა, ნიჭიერ ყმაწვილს ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. 16 წლისა უმცროს მოურავად დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ უფროს მოურავად, ეს კი ბატონის მოადგილეობას ნიშნავდა. ვასილი მთელ ხელფასს სოფელში დედას უგზავნიდა. მის მომავალ მეუღლეს სიყრმიდანვე მონაზვნობა სურდა. ერთხელ ნათესავებმა ივერიის დედათა მონასტერში, ღირს პელაგიასთან წაიყვანეს. წმინდა დედამ ოლღას ურჩია, გათხოვდი და მხოლოდ შემდგომ წადი მონასტერში მეუღლესათან ერთადო. ქალიშვილიც დაემორჩილა ღვთის ნებას და 1890 წელს ცოლად გაჰყვა ვასილი მურავეევს. ბატონმა ვასილის საკმაოდ დიდი ფული მისცა კერძო საქმიანობის დასაწყებად. მან ბეწვეულის დამზადებას მიჰყო ხელი. ვაჭრობა კარგად წაუვიდა, მისი ნაწარმი მრავალ ევროპულ ქალაქში იყიდებოდა. უკვე მილიონერი გახდა, მაგრამ არ დავიწყებია ბერის კურთხევა. უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოწყალებას გასცემდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა. შემოსავლის დიდ ნაწილს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა. მურავეევის ოჯახს ჯერ ვაჟი შეეძინა, შემდეგ - ქალიშვილი, რომელიც წლისთავზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. სულიერად ოჯახს წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი განამხნევებდა. კომერციული საქმეების გამო ვასილი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში. ამბობენ, საზღვარგარეთ უკანასკნელად ყოფნისას ათონის მთა მოილოცა და იქ გაუჩნდა მძაფრი სურვილი ბერული ცხოვრებისაო. ამ სოფლის სამუდამოდ დატოვებაში ერთი შემთხვევა დაეხმარა: უცხოეთიდან დაბრუნებული ეტლით შინ მიდიოდა. ზამთარი იდგა. ერთგან ქვაფენილზე ჩამომჯდარი ჩამოძონძილი გლეხი დაინახა, რომელიც გაიძახოდა: „არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებს“. ვასილიმ გამოჰკითხა. თურმე საცოდავს სოფელში ტიფით დაავადებული მამა, ცოლი და შვიდი შვილი ელოდებოდა. მეზობლები მათ შიშით ვერ ეკარებოდნენ. მამამ ურჩია: ცხენი გაყიდე და ძროხა იყიდე, იქნებ ამით როგორმე გავიტანოთ თავიო. კაცს ცხენი გაეყიდა, მაგრამ ფული ავაზაკებს წაერთმიათ. შინ ხელცარიელ დაბრუნებას ქუჩაში შიმშილით სიკვდილი მირჩევნიაო, უფიქრია... ვასილიმ გლეხი ბაზარში წაიყვანა, უყიდა ორი ცხენი, ურემი, დატვირთა პროდუქტებით, უკან ძროხაც გამოაბა, დასვა ურემზე და ხელში აღვირი მისცა. საცოდავი კაცი თვალებს არ უჯერებდა და საჩუქარზე უარს ამბობდა. ვასილიმ უთხრა: - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთს სურსო. შინ დაბრუნებულმა ვასილიმ, სანამ მეუღლესთან შევიდოდა, დალაქი იხმო. მან სთხოვა ბატონს, სავარძელში ჩამჯდარიყო, ვასილი კი აღელვებული ბოლთას სცემდა და გაიძახოდა, - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებსო. უეცრად დალაქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო: - ბატონო, როგორ გაიგეთ ჩემი, ცოდვილის განზრახვაო. და აღიარა, რომ ვასილის მოკვლას და გაძარცვას უპირებდა. ვასილიმ მას ქალაქის დატოვება უბრძანა, თვითონ კი ქონების დიდი ნაწილი დაარიგა, ბევრი მონასტრებს შესწირა. ამგვარ ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ ვასილის სახლში ქურდი შეიპარა. ძვირფასეული აკრიფა, ბოხჩაში გაახვია და ქუჩაში გამოსულს ყველაფერი ქუჩაში დაეფანტა. ამ დროს თავს ვასილი დაადგა და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, შეშინებულ ქურდს ძვირფასეული ხელახლა შეაკვრევინა და ზურგზეც წამოჰკიდა. მამა სერაფიმე ხშირად ამბობდა ხოლმე: დაკარგე - ნუ ინაღვლებ; იპოვე რაიმე - ძალზე ნუ გაიხარებ. ჯერ კიდევ ერისკაცთან ბევრი მოდიოდა რჩევის საკითხავად, ლოცვისთვის, ღვთისაგან დაფარულთმცოდნეობის მადლიც მაშინ მიენიჭა. ერთხელ ერთ-ერთ ქალბატონს უთხრა: მალე რევოლუცია მოხდება, ფაბრიკა-ქარხნებს მეპატრონეებს ჩამოართმევენ. სჯობს მაშინ შენმა ქმარმა თვითონვე ჩააბაროს ქარხანა და ნებისმიერ სამუშაოზე მუშაობის უფლება ითხოვოსო. ასრულდა ყოველივე და ქარხნის ყოფილმა მეპატრონემ ამით თავი გადაირჩინა. 1920 წელს ვასილი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში აღიკვეცა ბერად ბარნაბას სახელით. ერთ წელიწადში მღველ-მონაზვნადაც აკურთხეს, ხოლო 1927 წელს დიდი სქემა შეიმოსა და მას წმინდა სერაფიმე საროველის პატივად მისი სახელი უწოდეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ის ყოველთვის გრძნობდა წმინდა სერაფიმეს თანადგომას, შეწევნას. დაიწყო ბერის ძნელი ცხოვრება. იმ სულიერი ორთაბრძოლის კვალი, რომელიც მამა სერაფიმეს დაცემულ ანგელოზებთან ჰქონდა, მის იმდროინდელ ფოტოსურათებს ეტყობა - მკაცრი გამომეტყველება, მადლი ღვთიური, რომლის წინაშე ეშმაკნი თრთოდნენ. აღსანიშნავია, რომ მამა სერაფიმესთან ერთად სენაკში ცხოვრობდა მამა გური (კომისაროვი), ერისკაცობაში მასავით მილიონერი. სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: მცირედი ცოდვითაც არ განერისხებინათ უფალი. მათი უაღრესი თავმდაბლობა მორჩილებსაც კი განაცვიფრებდა. იმ საშინელ დროს მამა სერაფიმე მშვიდი რჩებოდა, ღვთის ნებას მინდობილი ხალხს ანუგეშებდა, ცრემლს მოსწმენდდა. ერთხელ მასთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში ალექსი I) მივიდა რჩევისთვის - მას საზღვარგარეთ გაპარვაში პირდებოდნენ დახმარებას. რუსეთს ვის უტოვებთ? - ჰკითხა წმინდა სერაფიმემ, - მეუფეო, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ რუსეთს სჭირდებით. თქვენ პატრიარქი იქნებით მთელი რუსეთისა და მას მართავთ 25 წელი. უწმინდესი პატრიარქის ტიხონის შემდეგ დიდხანს არ გვეყოლება პატრიარქი. მიტროპოლიტი სერგი მხოლოდ ერთი წელი იქნება რუსთა მწყემსმთავარი, მას შემდეგ თქვენ იქნებით ჩვენი პატრიარქი. იქნება საშინელი ომი. ის მიიყვანს ღმერთთან რუსეთის მცხოვრებთ. თუმცა კი ახლა ხურავენ ტაძრებს, მაგრამ დადგება დრო, თვითონვე გააღებენო. მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან, მაგრამ მისგან მომდინარე მადლის წყარო მთელი რუსეთიდან იზიდავდა მორწმუნეებს. საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებსო, - ამბობდა. ერთ ღამეს მონასტრის ძმობა დააპატიმრეს და უმეტესი ნაწილი სოლოვკიზე გადაასახლეს. მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. დააპატიმრეს მამა სერაფიმეც. სასტიკად სცემეს, რამდენიმე ნეკნიც ჩაუმტვრიეს. 1933 წელს გაათავისუფლეს, რადგან ექიმებმა დაადგინეს - ეს დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებსო. ხელისუფლებამ ნება მისცა, ვირიცაში დასახლებულიყო. ეს პატარა ქალაქი პეტროგრადთან ახლოს მდებარეობს. სწორედ იქ, სულიერი შვილის ორსართულიან პატარა სახლში, გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ღირსმა მამამ. გარშემო სულიერი შვილები შემოიკრიბა. ყველას აფრთხილებდა, - ომი და შიმშილი იქნება, ამიტომაც ვირიცაში დასახლდითო. მრავალი ადამიანი მოდიოდა მამა სერაფიმესთან სულიერი ნუგეშისთვის, ბევრი მათგანი ღირსი მამის ლოცვით ფიზიკურადაც იკურნებოდა. ერთმა ქალმა თავისი ქალიშვილი მოუყვანა ღირს მამას. ბავშვს მარცხენა ხელი გამხმარი ჰქონდა. შეეწყალა პატარა წმინდა სერაფიმეს, მოეფერა, ხელი მოუთათუნა მტკივან მხარზე და ამ დროს გოგონამ იგრძნო, თუ როგორ დაიწყო გამხმარ ხელში სისხლმა მოძრაობა. შემდგომში ეს გოგონა მისი უერთგულესი შვილი გახდა. ვირიცაში მამა სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რომელიც მამა სერაფიმეს ბერად აღკვეცის შემდეგ ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, შემდგომში, დიდი სქემის შემოსვისას, დედა სერაფიმა უწოდეს, დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ კი მამა სერაფიმემ შეიფარა. არაფერი იყო დაფარული წმინდა მამის წინაშე. მის მორჩილს დედა სერაფიმას „სიკვდილის ანგელოზსაც“ ეძახდნენ ხოლმე, რადგან ხშირად მას გზავნიდა მორწმუნეებთან გასაფრთხილებლად: - მალე მოკვდები და მოემზადე იმქვეყნიური ცხოვრებისთვისო. მრავალი სულიერი შვილი სწერდა მას წერილს ციხეებიდან, გადასახლებიდან, ღირსი მამაც წერილითვე ნუგეშს სცემდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ერთი იმდროინდელი წერილთაგანი სათაურით „ეს ჩემგან იყო“, რომლითაც წმინდა სერაფიმემ არათუ თავის სულიერ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც დაუტოვა ჰიმნი ადამიანისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე. პატარა ქალაქში ხალხის მისვლა-მოსვლა არ გამოპარვიათ და წმინდა მამას მილიციაც აკითხავდა. ერთხელ, დაპატიმრება მოუნდომეს, მათ მამა სერაფიმეს შვილიშვილი, მარგარიტა, გადაუდგა წინ: - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიყვანთ პაპაჩემს. ის ძალზე ავადაა და მგზავრობას ვერ გაუძლებსო. სუკის ექიმებმაც დაადასტურეს გოგონას ნათქვამი. ამასობაში მოახლოვდა II მსოფლიო ომიც. პარასკევს აუცილებლად მოდი ჩემთან, თორემ კვირას ომი დაიწყება და მე და შენ დიხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთსო, - უთხრა ერთ სულიერ შვილს. მართლაც დაიწყო ომი. წმინდა მამა ვირიცელებს ამშვიდებდა, - ფეხი არ მოიცვალოთ, აქაურობას ხელს ვერავინ ახლებსო. 1941 წლის სექტემბერში გერმანელები შევიდნენ ვირიცაში, ბოლშევიკების მიერ დახურული ეკლესიები გახსნეს. მამა სერაფიმემ მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს. 1942 წელს დედა სერაფიმას ესიზმრა, რომ მამა სერაფიმე, ჩექმებსა და თეთრ ხალათში გამოწყობილი, შეიარაღებულ გერმანელებს მიერეკებოდა. ისინი გარბოდნენ თოვლიან მინდორზე და ცდილობდნენ, გაქცეოდნენ ღირსი მამის რისხვას. დილით კი მამა სერაფიმემ უთხრა: - ხომ ნახე? წადი ახლა და ჩექმები და ხალათი გამიშრეო. მართლაც, მთელი ღამე იდგა ბაღში ქვაზე და ლოცულობდა. ხალათი კი შესანიღბად სჭირდებოდა, მეზობლებს რომ არ დაენახათ. ერთმა ღმერთმა იცის, რამდენი დაითმინა მაშინ წმინდა სერაფიმემ. სალოცავ ქვამდე ხელით მიჰყავდათ, შვილიშვილი იქვე, ვაშლის ხეზე დაამაგრებდა ხატს, პაპა კი მოიდრეკდა მუხლს. არადა ყველაფერი სტკიოდა, სხეული დაჭკნობოდა და ცვილისფერი დასდებოდა. მაგრამ ამ ლოცვით და მარხვით, ამ ღვაწლით სამშობლო გადაარჩინა. როცა ლიბანის მიტროპოლიტი ილია ომის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, მოჰყვა, თუ როგორ გადაარჩინა ღვთისმშობელმა რუსეთი ამ ომში. თვით დედა ღვთისამ უთხრა მეუფეს იმ მართალთა სახელები, რომელთა ლოცვით ღმერთმა შეიწყალა რუსეთი. მათ შორის წმინდა სერაფიმე და მისი რამდენიმე სულიერი შვილი დაასახელა. 1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს. ომის დასრულების შემდეგ მრავალი ადამიანი სთხოვდა წმინდა სერაფიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავების ადგილსამყოფელის მინიშნებას, ბევრსაც თავშესაფარი არ ჰქონდა და ვერც შოულობდა. მამა სერაფიმეს ლოცვის შემდეგ ბინაც გამოჩნდებოდა ხოლმე მათთვის და არსობის პურიც. ყრუ, ბრმა, ხეიბარი, ლოთი - ათასნაირი სნეული იკურნებოდა წმინდა სერაფიმეს ლოცვით. აღსანიშნავია წმინდა სერაფიმეს დარიგებები და წინასწარმეტყველებანიც, რომელთაგან ბევრი ჯერ არ აცხდებულა. მამა სერაფიმე ბრძანებდა: - დადგება დრო, როცა ერთ მორწმუნეს ორმოცი კაცი ჩამოეკიდება, რათა ამოათრიოს ისინი მთხრებლიდანო. უფალი ათასი წელიც დაელოდება, რომ ერთი კაცი მაინც ცხონდესო. ღირსმა მამა რუსეთში რწმენის აღორძინებაც იწინასწარმეტყველა: ძველი მონასტრები განახლდება, ლენინგრადს ისევ სანკტ-პეტერბურგს დაარქმევენ, დადგება დრო, როცა რადიოთი ლოცვებს, ქადაგებებს, სულიერ დარიგებებს მოისმენთო. ერთხელ ერთმა სულიერმა შვილმა რუსეთის მომავალზე ჰკითხა. წმინდა სერაფიმემ ის სარკმელში გაახედა - ფინეთის ყურეში სხვადასხვა ქვეყნის გემები იდგნენ. ეს როგორ გავიგოთო? - ჰკითხა მოძღვარს. მან კი უპასუხა: დადგება ისეთი დრო, როცა რუსეთში დაიწყება სულიერი აღორძინება. გაიხსნება ბევრი ტაძარი და მონასტერი, თვით უცხოელები ჩამოვლენ ასეთი გემებით, მოსანათლად. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება - თხუთმეტი წელი, შემდეგ კი მოვა ანტიქრისტეო. აღმოსავლეთი მოიკრებს ძალას, ყველაფერი დაუდგრომელი გახდება. რიცხოვნება მათ მხარესაა და არა მარტო ეს; მათთან ფხიზელი, შრომისმოყვარე ხალხი მუშაობს, ჩვენთან კი მხოლოდ ლოთობენ. აღმოსავლეთი რუსეთში მოინათლება, მთელი ზეციური სამყარო ლოცულობს აღმოსავლეთის მოსაქცევადო. „დადგება დრო, როცა რუსეთს დაყოფენ ნაწილებად, თავიდან მას გაიყოფენ, შემდეგ მისი სიმდიდრის ძარცვას დაიწყებენ. დასავლეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს რუსეთის დაშლას. შორეული აღმოსავლეთი ხელთ იაპონელებს ჩაუვარდებათ, ციმბირი - ჩინელებს, რომლებიც გადმოსახლდებიან რუსეთში, დაქორწინებიან რუსებზე და საბოლოოდ, მზაკვრობით დაიპყრობენ ციმბირიდან ურალამდე ტერიტორიას. როცა ჩინეთი მოისურვებს წინ წასვლას, დასავლეთი შეეწინააღმდეგება და ნებას არ მისცემს. მრავალი ქვეყანა შეეომება რუსეთს, მაგრამ ის გაუძლებს, თუმცა კი თავისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაკარგავს. ეს ის ომია, რომელზეც მოგვითხრობს წმინდა წერილი და ლაპარაკობენ წინასწარმეტყველნი. ეს იქნება მიზეზი კაცობრიობის გაერთიანებისა. ხალხი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და საერთო მთავრობას აირჩევენ - ეს იქნება ანტიქრისტეს გამეფების მოახლოების ნიშანი. შემდეგ კი ქრისტიანების დევნა დაიწყება. როცა რუსეთის სიღრმეში ქალაქებიდან ეშელონებით წავლენ, იჩქარეთ, პირველ მატარებელში მოხვდეთ, რადგან ვინც დარჩება, ბევრი მათგანი დაიღუპება. იმეფებს ბოროტება და სიცრუე. ეს იმდენად მძიმე, ცუდი და საშინელია, ღმერთმა ნუ ქნას, იქამდე მივაღწიოთ“. ერთხელ უთხრეს: - რა კარგია, მამაო, ეს ომი რომ დამთავრდაო. მან უპასუხა: „არა, ეს ყველაფერი არ არის, იქნება საშინელება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ კიდევ ნახავთ ომს... თუ რუსი ხალხი არ მოინანიებს, ძმა ძმას კვლავ აღუდგება წინ. დადგება დრო, არა დევნა, არამედ ფული და სოფლის საცდურნი განაშორებენ ადამიანებს ღვთისგან. და დაიღუპება უფრო მეტი, ვიდრე ღმერთმებძოლობისას. ერთი მხრივ, აღმართავენ ჯვრებს, გუმბათებს მოაოქროებენ, მეორე მხრივ კი - სიცრუე და ბოროტება იზეიმებს. ჭეშმარიტი ეკლესია დევნული იქნება, გადარჩებიან მხოლოდ განსაცდელებით და ავადმყოფობებით. დევნა მიიღებს ყველაზე დახელოვნებულ, გამოუცნობ ხასიათს...“ მამა სერაფიმეს ძალზე უყვარდა ახალგაზრდობა. იმ დროს ისინი იშვიათად დადიოდნენ ტაძარში. როგორ ხარობდა ხოლმე, როცა ახალგაზრდები მასთან მიდიოდნენ. მამა სერაფიმე ამბობდა ახალგაზრდების დიდ როლზეც ეკლესიის მომავალ აღორძინებაში. ის ამბობდა: „დადგება დრო, ახალგაზრდების ზნეობა დაეცემა და გაიხრწნება უკანასკნელ დონემდე. თითქმის არავის დარჩება გაუხრწნელი. ისინი ჩათვლიან, რომ თავიანთ ვნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი ნებადართულია, რადგან თავს იგრძნობენ დაუსჯელად. შექმნიან ბანდებს, ჯგუფებს, დაიწყებენ ქურდობას, უკეთურობის ქმნას. მაგრამ მოვა დროს, როცა ღვთჲს ხმას გაიგონებენ, მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რწმენისკენ სხვადასხვა გზით წავლენ. ასწევენ მოსაგრეობის უღელს. ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილები, ლოთები, აღავსებენ ტაძრებს. სულიერი ცხოვრების დიდ წყურვილს იგრძნობენ, ბევრი მათგანი მონასტერში წავა. ის, ვინც დღეს სცოდავს, მწარედ შეინანებს. როგორც სანთელი, ვიდრე ჩაქრება, მკვეთრად აენთება და გარემოს ბოლო ნათელს მიაფენს, ასე იქნება ეკლესიის ცხოვრება. ეს დრო ახლოსაა“. დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: „ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!“ მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო. წმინდა სერაფიმე ვირიცელი გარდაიცვალა 1949 წლის 3 აპრილს და დაკრძალეს ვირიცაში, მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმასა და სულიერი შვილთა გვერდით. წმინდა სერაფიმემ დაიბარა: - ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოცხალს, მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო. და ასეც არის - წმინდა მამა სერაფიმე შეეწევა და იფარავს მთელ მართლმადიდებელ საქრისტიანოს.
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
ხს.27(09.08)ივლისი. დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - „ყოვლად ლომი“ დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა“, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა“. გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: „შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფ ჱ თქუენი, არარანი არიან“, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა. ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, „განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე“, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ“, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს. ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. „შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი“ და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული „ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა“, და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით „ხუეტეს“ და „დაბძარეს“ ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი - ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: „აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ“, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ „წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა“. გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ „ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა“, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს „ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის“ და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი „არარაჲ ევნო“. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, „ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“. ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, „და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი“. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ. დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმიფუნტი, კვიპროსი). ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325 წ.) მონაწილე წმინდა მამა. არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით - 25 დეკემბერი. ადრეული მოღვაწეობა: წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახ. 270 წ. გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონოზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა .იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას სპირიდონს კვიპროსის ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდა მამა არიოზის მწვალებლობის დიდი მოწინააღმდეგე იყო. 325 წ., კრების მსვლელობისას წმინდა სპირიდონმა დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა ერეტიკოსებისათვის, თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება”, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს წმ. სპირიდონმა. წმინდა სპირიდონმა იმპერატორ მაქსიმინუსის პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქ. ტრიმიფუნტში დაახ. 80 წლის ასაკში. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად, წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წ. როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გაადასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. სასწაულები: იმპერატორი კონსტანციუს II ანტიოქიაში ყოფნისას მძიმედ დაავადდა. მისი განკურნება ექიმებმა ვერ შეძლეს. იმპერატორმა ღამით სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. იმპერატორმა ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. გახარებულმა იმპერატორმა მთელი დღე წმ. სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“. ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ წმ. სპირიდონის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმ. სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა. ერთხელ წმ. სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო და როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, ანგელოზებმა გალობით გააგრძელეს „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს. ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. ერთ ღამესაც პატრიარქს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმ. სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე
ხს.წმ. ბარბარეს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 4 (17) დეკემბერს. უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის (რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305-311 წლებში, იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე.) დროს იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ღმრთისმოძულე ხელისუფალმა ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (სირიის ტერიტორია) ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იგი წარმართი იყო და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი (გოდოლი) ააგო, გოგონა შიგ ჩაკეტა და ერთგული მსახურები და მოახლეები მიუჩინა. კოშკში დამწყვდეული ბარბარე შვებას მხოლოდ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. ღმრთის წყალობით ქალწულს სურვილი გაუჩნდა ჭეშმარიტების პოვნისა და სურდა შეეცნო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა, და თუმცა გვერდით არ ჰყავდა ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა ყოფილიყო ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ, რადგან თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17,27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ერთხელ, როცა მისი არსება შემოქმედის ხილვის სურვილმა მოიცვა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - უფლის სიყვარული, და არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება; ამასობაში, წმინდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა და მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა. ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა - მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან დიოსკორესი ეშინოდათ. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მესამე სარკმლის გაჭრის მიზეზი. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. წმინდა ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია.: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა. გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად. ...მე მნებავს მოქცევა? შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა, ესე სამნი არიან მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ“. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო და ქალაქის უახლოეს მთებს შეაფარა თავი. გაქცეულ ბარბარეს, მამაც ფეხდაფეხ მიყვებოდა. ქალწული დიდ მთას მიადგა და რადგან გასაქცევიც არსად ჰქონდა, ილოცა და ღმერთს თავშესაფარი სთხოვა. მოულოდნელად მთა გაიპო და წმინდა ბარბარემაც გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორე ვერც კი მიხვდა სად გაუჩინარდა მისი ქალიშვილი და დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემსს სთხოვა. ერთი მწყემსი ძალიან კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მყის დასაჯა ბოროტი მწყემსი და ქვის სვეტად აქცია. დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და დაუნდობლად ცემა ბარბარე, შემდეგ თმით დაითრია და ქვიან გზაზე თრევით წამოიყვანა, დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და სიკვდილს იმსახურებდა. მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, შეწევნა ღმერთს შესთხოვა. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. ბარბარემ კი მიუგო მას: „არა გიცნობიესა, უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“, რადგან თქვენს ღმერთებს ვერცხლისა და ოქროსაგან თვით ადამიანები აკეთებენ. მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, და ბრძანა მისი სასტიკად წამება. ტყავის შოლტებით გვემულ ყრმა მოწამეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი, მაგრამ ყველანაირ წამებას ქრისტესთვის სიცარულით ითმენდა. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს ბნელ საპყრობილეში და მცველები დაუყენეს. დაუძლურებული ბარბარე მხურვალედ ლოცულობდა „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დანიტევებ მე“. შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასქ დღესასწაული შენი, ხოლო შენ ნუ შეძრწუნდები უსჯულოჲსა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“. ჯანმრთელი და უვნებელი ბარბარე სიხარულით აღივსო, ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწულის საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მსახურები მის წამოსაყვანად მივიდნენ და ნახეს, რომ იგი ფეხზე დგას და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“. მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა სასამართლოზე თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე, ხოლო ხალხი განცვიფრდა მისი მზესავით გაბრწყინვებული სახის ხილვისას. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს. ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმაჲ და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“. მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რადგან არ არის სხუა ღმერთი მის გარდა“. მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური საუკუნო ცხოვრება. მაშინ გამძვინვარებულმა მარკიანემ კვლავ ბრძანა მისი წამება, მაგრამ ხალხის უზარმაზარი ბრბო მშვიდად ადევნებდა თვალს ამ უმსგავსობას და არ ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ერთი, კეთილმსახური დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ხედავდა წმინდა ბარბარეს სასტიკ წამებას, წუხდა და მწარედ ტიროდა. იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში დასდო ბრალი. განრისხებულმა მარკიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიუარებდა. მე ქრისტიანი ვარ - უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ. მაშინ მარკიანემ ბრძანა მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება. გულმოწყალე უფალმა განამტკიცა თავის წმინდა მოწამენი და მათაც სიხარულით დაითმინეს სასტიკი სატანჯველნი, იხილა რა მათი ვაჟკაცური მჴნეობა და მოთმინება, მარკიანე მეტად განრისხდა და ბრძანა წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება, ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება. მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავის წმიდა სასძლოს შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე. მან წმინდა იულიანას თავის მოკვეთა ერთ-ერთ მეომარს დაავალა, ხოლო წმინდა ბარბარეს დასასჯელად კი მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და მისთვის თავი მოეკვეთა. წაიყვანა დიოსკორემ თავისი მხოლოდშობილი ასული და როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და ღირს მყავ წამებისა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. უფალო, მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და მადლი მიეცი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა, ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და მე გამიხსენოს ან მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი, და იხსენ ბოროტისა სნეულებისა და უეცარი, უზიარებელი სიკვდილისაგან. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა, რომელიც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ჰპირდებოდა თხოვნის შესრულებას - „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰოჲ, უღმერთოო“. დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი - მეხის დარტყმით დაიწვნენ. 305 - 311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა - ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან (წმინდა ნათლისღებით მიხეილი - მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1108 წელს კნიაზი სვიატოსლავ იზიასლავოვიჩის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დაფუძნდა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგენგელოზი მიქაელის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს. 1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკს, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდიხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის „ჯვართამაღლების ტაძარში“. 1650 წელს კიევი აიღო ლიტველმა გეტმანმა იანუშ რადზივილმა და წმინდა ბარბარეს თითისა და ნეკნის ნაწილი მიიტაცა. აქედან ერთ-ერთი წილად ხვდა მის ცოლს და მერე კიევის მიტროპოლიტს იოსებ ტუკალკს, მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ნაწილი მოხვდა ქალაქ ბატურინის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა. 1656 წელს კიევის მიტეროპოლიტმა სილვესტერმა წმინდა ბარბარეს ნაწილი გადასცა ანტიოქიის პატრიარქს მაკარის. XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდ-მოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან. 1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს. 1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულ-მოწამის წმიდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული. 1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. თუმცა, როგორც წყაროებით დასტურდება, ქართული ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა ამ წმინდანის ნაწილის, რომელიც სვეტიცხოველის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში ყოფილა დასვენებული. რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული.
მოციქულთასწორი ნინო – ქართველთა განმანათლებელი
ხს. 14 იანვარს და 19 აპრილს; წმინდა ნინო წარჩინებული და კეთილმსახური მშობლების ერთადერთი ასული იყო. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების მოსმენა. 12 წლის ნინო მშობლებთან ერთად წმინდა ქალაქ იერუსალიმში ჩავიდა, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე ვნება და სიკვდილი დაითმინა. ნინოს აქ ყოველი კუნჭული სახარებისეულ ამბებს აგონებდა. ისე მოხდა, რომ მამამისი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო უდაბნოში წავიდა და ბერად შედგა, დედა კი პატრიარქმა გლახაკი და ავადმყოფი ქალების მომვლელად დაადგინა. ნინო ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს მიაბარეს, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფელით დაინტერესდა. აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც სპარსეთსა და ოსეთს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, დამრიგებელმა ნინოს უთხრა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, ისევე როგორც კავკასიის დანარჩენი ტომები, წარმართობის სიბნელეში ცხოვრობენ. ნინოს ეს მონათხრობი გულში ღრმად ჩარჩა. წმინდა ნინო დღედაღამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს, ლოცვისას, იგი აღტაცებულ იქნა გონებით და ყოვლადწმიდა ქალწული იხილა, რომელმაც უთხრა: – ნინო, საქადაგებლად გაგზავნი ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჩემს წილხვედრ საქართველოში. წადი უშიშრად და უქადაგე ჭეშმარიტება! – მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ. მაშინ ყოვლადწმიდა დედოფალმა ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა: – აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ. ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე პატრიარქთან, თავის ბიძასთან წავიდა და სასწაულებრივი ხილვის შესახებ უამბო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობდა. ამის შემდეგ წმინდა ნინო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეფესოში წავიდა ქრისტიანობის საქადაგებლად ერთ წარჩინებულ მორწმუნე ქალთან ერთად და იქ ორი წელი გაატარა, შემდეგ კი სომხეთში გაჰყვა ქრისტიან ქალებს, რომელთა შორის იყვნენ მის მიერ ქრისტიანობაზე მოქცეული წარჩინებული რიფსიმე და რიფსიმეს აღმზრდელი გაიანე. ეს მორწმუნე ქალები სომხეთის მეფე თრდატმა ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა. უფლის განგებით ცოცხალი მხოლოდ წმინდა ნინო გადარჩა და ფარულად საქართველოსკენ გამოემართა. წმინდა ნინოს გზა ხანგრძლივი და ძნელი იყო. წმინდა ქალწულმა აიტანა სიცივე, შიმშილი, წყურვილი და მხეცებისაგან საშინელი ხიფათი, ვიდრე ბოლოს საქართველოს არ მოაღწია. ის ქართლში, ქალაქ ურბნისში შეჩერდა და, რადგან ებრაული ენა კარგად იცოდა, იქაურ ებრაელებთან მივიდა. ნინომ ურბნისში ერთი თვე იცხოვრა, თან მისთვის უცნობი ხალხის ენასა და ზნე-ჩვეულებებს ეცნობოდა. ერთხელ ნინომ შეიტყო, რომ ქალაქის მცხოვრებლები მცხეთაში არმაზის კერპის თაყვანისსაცემად და სავაჭროდ წასვლას აპირებდნენ. ნინომ გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო მცხეთაში. იგი ხალხს გაჰყვა და სამეფო ქალაქს მიაღწია. ხალხი კერპების თაყვანისსაცემად მცხეთის ახლოს მდებარე მთებისკენ დაიძრა. წმინდა ნინო ხალხს გაჰყვა და სამი კერპი დაინახა – არმაზი, გაცი და გა. შუაში იდგა არმაზის კერპი – დიდი ზომის ქანდაკება, თავზე ოქროს მუზარადით და მკერდზე ასეთივე ჯავშნით. ერთი თვალი იაგუნდისა ჰქონდა, მეორე – ზურმუხტისა, ორივე უჩვეულო ზომისა და ბრწყინვალებისა. ხალხი თავის მეფესთან ერთად კერპების წინაშე ღრმა მდუმარებით იდგა, ხოლო როცა სისხლიანი მსხვერპლი შესწირეს და საყვირებმა დაიქუხა, ყველანი უსულო კერპების წინაშე დაემხნენ. წმინდა ნინო კლდის შვერილის ქვეშ იდგა და ყოველივეს ცრემლიანი თვალებით უმზერდა: გული იმ ხალხის სიბრალულით უკვნესოდა, რომლის შეყვარებაც უკვე მოესწრო და რომელიც, ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი, კერპებს ეთაყვანებოდა. ნინომ თვალნი ზეცისკენ აღაპყრო და ილოცა: "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, ღმერთო და შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, რომელი ცხორებისათვის ჩუენისა კაც იქმენ და ხატი მონისა შემოსად არა უღირს-იჩინე, რათა აცხოვნო, რომელი ჰქმენ ხატად შენდა, და იხსნა მძლავრებისაგან სოფლის-მპყრობელისა ბნელისა. მოიხილე აწცა მაღლით სამკვიდრებელით დიდებისა შენისაით დაბადებულთა შენთა ზედა და იხსნენ სიბნელისაგან მწარისა და ტყვეობისაგან მტერისა ბოროტისა, რომელსა მხოლოსა გნებავს ყოველთა ცხორება და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოსლვა... ჰე უფალო, ისმინე ვედრება უღირსისა მონისა და მხევლისა შენისა, აჩვენე ძლიერება შენი ჟამსა ამას და ყავ სასწაულ კეთილ, რათა იხილონ ერთა ამათ მაცხოვარება შენი, და შენ მხოლო გიცნან ღმრთად ჭეშმარიტად და შენდა მხოლოისა შეწირონ დიდება და თაყუანისცემა". როგორც კი წმინდა ნინომ ლოცვა დაასრულა, ცას მრისხანე ღრუბელი გადაეკრა. ერთბაშად დაბნელდა, გაიელვა, იქუხა. შეშინებული ხალხი გაიქცა. საშინელმა სეტყვამ და ქარიშხალმა კერპები ისე დაამსხვრია, რომ მათგან აღარაფერი დარჩა. მათი ნარჩენები წვიმამ მდინარეში ჩარეცხა. შემდეგ კვლავ მზემ გამოანათა და ბუნება დამშვიდდა. მეფე და ხალხი თავიანთ "ღმერთებს" ამაოდ ეძებდნენ. ხალხი შეძრწუნებული ამბობდა: – დიადია ჩვენი ღმერთი, თუმცა კიდევ არის სხვა, ამაზე დიდი ღმერთი, რომელმაც ჩვენსას სძლია. ეს რა მოხდა ან კიდევ რა გველის? რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ნინო მცხეთაში შევიდა. იგი მეფის ბაღში მივიდა. მებაღის ცოლი, ანასტასია, მას სიხარულით მიეგება, თითქოს იცნობდა და დიდი ხანი ელოდაო, თავის სახლში წაიყვანა და გაუმასპინძლდა. წმინდა ნინო მასთან გაჩერდა საცხოვრებლად. ამ ბაღში, მაყვლოვანში წმინდანი გამუდმებით ლოცულობდა, უფალს ეშმაკის ტყვეობისაგან ქართველი ხალხის გამოხსნას ევედრებოდა. ანასტასია და მისი ქმარი უშვილონი იყვნენ და ამის გამო ძალიან წუხდნენ. წმინდა ნინოს ლოცვით მათ მრავალი შვილი ეყოლათ. ერთი წარჩინებული კაცის შვილი დასნეულდა და მან ბავშვი სამკურნალოდ წმინდა ნინოს მიუყვანა. წმინდანმა ბავშვი აიყვანა, თავის საწოლზე დააწვინა და ილოცა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ბავშვი მყისვე განიკურნა. ასევე, ლოცვით განკურნა ნინომ ერთი დედაკაცის სნეული ასული. წმინდა ნინოს მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ მრავალმა ადამიანმა შეიტყო. მისი მართალი და უმწიკვლო ცხოვრება ხალხის გულებს იზიდავდა. ნინოს სიამოვნებით უსმენდნენ, მასთან დაახლოებული ადამიანები ნელ-ნელა ქრისტიანობაზე ექცეოდნენ და მალე წმინდა ნინოს გარშემო მოწაფე ქალები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ქართლის ებრაელთა მღვდელთმოძღვარ აბიათარის ასული, სიდონია. მან ნინოსთან მამა მიიყვანა, რომელმაც ნინოსგან ქრისტიანული მოძღვრება რომ მოისმინა, ირწმუნა და თავადაც გაქრისტიანდა. წმინდა ნინო აბიათართან ხშირად საუბრობდა და მისგან ასეთი ამბავი მოისმინა: – მრავალი წლის წინ, – თქვა აბიათარმა, – ჩემს წინაპარს, ელიოზს, ქართლის სხვა ებრაელებთან ერთად ქრისტეს სიკვდილის წელს იერუსალიმში ყოფნა მოუწია და მის ჯვარცმასაც დაესწრო. მან ქრისტეს კვართი გამოართვა იმ ჯარისკაცს, რომელსაც ის წილისყრით ერგო. საქართველოში დაბრუნებული ელიოზი მივიდა სახლში და თავის დას, სიდონიას, უფლის კვართი გადასცა. სიდონიამ კვართი აიღო, გულში ჩაიკრა და იმწამსვე გარდაიცვალა. იგი ასევე დაკრძალეს – კვართით ხელში. აბიათარმა წმინდა ნინოს ისიც ამცნო, რომ მცხეთაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენიც (მოსასხამი) ინახებოდა. წმინდა ნინო სახარების ქადაგებას აგრძელებდა, ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს აღასრულებდა და ქრისტეს სარწმუნოებაზე მრავალნი მოაქცია. მათ შორის იყო მირიან მეფის ცოლი – დედოფალი ნანა. ეს კი ასე მოხდა: ერთხელ დედოფალი ძლიერ ავად გახდა. მკურნალებმა ვერაფერი უშველეს. დედოფალმა წმინდა ნინოს მოყვანა ითხოვა, მან კი დედოფლის რწმენისა და სიმდაბლის გამოცდა ინება და წარმოგზავნილებს უთხრა: – თუკი დედოფალს გამოჯანმრთელება სურს, თავად მოვიდეს ჩემთან. დედოფალმა მართლაც თავი დაიმდაბლა, წმინდანთან მივიდა და მისგან განკურნებას ითხოვდა. წმინდა ნინომ ის თავის საწოლზე დააწვინა და მხურვალედ ილოცა. ღმერთმა შეისმინა ნინოს ვედრება და განკურნა ნანა დედოფალი. დედოფალმა წმინდა ნინო შეიყვარა, დაიახლოვა, ირწმუნა მის მიერ ქადაგებული ღმერთი და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს. თავიანთი დედოფლის მიბაძვით მრავალნი მოიქცნენ, მაგრამ მეფე მირიანი აყოვნებდა და ერთხანს ქრისტიანების მიმართ სიძულვილითაც კი აენთო. წმინდა ნინოს ლოცვით უფალმა ის ამგვარად მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე: ერთხელ მირიან მეფე ტყეში ნადირობდა. უეცრად ნათელი დღე უკუნ ღამედ იქცა, არემარე ბნელმა დაფარა, მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ. სასოწარკვეთილი მეფე საშველად თავის ღმერთებს უხმობდა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ქარის წივილი და ქუხილი ესმოდა. სასოწარკვეთილ მეფეს ღმერთმა მოწყალებით გადმოხედა და გონება გაუნათლა. მაშინ კერპებზე გულაცრუებულმა მირიანმა საშველად ნინოს ღმერთს უხმო და თქვა: "ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემ ზედა მოხვეული და გამომიბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე შენ". მაშინვე იქაურობა განათდა და მზე გამობრწყინდა. მეფემ ხელები აღმოსავლეთისკენ აღაპყრო და ცრემლით შეჰღაღადა: "ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანა, შენ აღგიარებ და შენ თაყუანის-გცემ, რომელმან მიხსენ ჭირისა ამისგან, და მრწამს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი. აღვიარებ სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანის-ვსცემ პატიოსანსა ჯვარსა შენსა". მეფე დედაქალაქში რომ დაბრუნდა, ქუჩაში მიდიოდა და ხმამაღლა იძახდა: – ხალხნო, განადიდეთ ნინოს ღმერთი, რადგან ისაა ღმერთი საუკუნო და მასვე შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა. ხალხი ნანა დედოფალთან ერთად სიხარულით შეეგება მეფეს. მათ უკვე სმენოდათ სასწაულის შესახებ. მეფე წმინდა ნინოს ეძებდა და კითხულობდა: – სადა არის ის უცხო ქალი? ის დედაა ჩემი, ხოლო მისი ღმერთი – ჩემი მხსნელი. წმინდანი ამ დროს თავის ორმოცდაათ მოწაფესთან ერთად მაყვლოვანში ლოცულობდა. მეფე თავის ლაშქართან ერთად წმინდა ნინოსთან მივიდა და უთხრა: – ჭეშმარიტი ღმერთის მოციქულო, ამიერიდან მწამს, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ. მას ვესავ და მას თაყვანის-ვცემ. წმინდა ნინომ მირიან მეფეს ასწავლა ჭეშმარიტი ღმერთის – იესო ქრისტეს თაყვანისცემა. ქრისტესკენ მირიანის მოქცევა მტკიცე და ურყევი იყო. მან დაუყოვნებლივ თხოვნა გაგზავნა საბერძნეთში, მეფე კონსტანტინესთან, რათა ხალხის მოსანათლად, ქრისტეს სარწმუნოების სწავლებისთვის და საქართველოში ქრისტეს ეკლესიის დასამტკიცებლად ეპისკოპოსები და მღვდლები გამოეგზავნათ. მეფემ ჯერ კიდევ მღვდლების ჩამოსვლამდე ინება აეშენებინა ღვთის ტაძარი და ამისთვის წმინდა ნინოს მიერ მითითებული ადგილი აირჩია. ეს იყო მის ბაღში, სწორედ იქ, სადაც წმინდა სიდონია იყო დაკრძალული მაცხოვრის კვართთან ერთად. იქვე იყო კვიპაროსი, რომელიც მოჭრეს და მისგან ტაძრისთვის სვეტი გამოთალეს, მაგრამ, რამდენს არ ეცადნენ, მისი აღმართვა ვერ შეძლეს, ძვრაც ვერ უყვეს. საღამოს დანაღვლიანებული მეფე სახლში წავიდა, ვერ გაეგო, რატომ ხდებოდა ასე. ხალხი წავიდ-წამოვიდა. მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა და მოწაფეებთან ერთად მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, რომ ეშმაკს არ დაებრკოლებინა საქართველოს მოქცევა. დილით ადრე მას საკვირველი ჭაბუკი გამოეცხადა და სამი საიდუმლო სიტყვა ჩასჩურჩულა, რომელთა გაგონებისთანავე ნინო მიწაზე დაემხო. ჭაბუკმა სვეტი ცაში აიტანა. ამის შემდეგ ცეცხლივით მოელვარე სვეტი ძირს დაეშვა და იმ გადანაჭერზე დადგა, რომლისგანაც იყო მოკვეთილი. დილაადრიანად მისულმა მეფემ თავის ბაღში ელვის მსგავსი ნათელი იხილა, რომელიც ზეცამდე აღწევდა. მალე ხალხი მოგროვდა და იხილა დიდი სასწაული – გაბრწყინვებული სვეტი კაცთაგან ხელშეუხებლად თავის სადგამზე დამყარებული. მცხეთა შიშითა და სიხარულით აღივსო, ღმერთს ადიდებდნენ და წმინდა ნინოს შენატროდნენ. მრავალი სასწაული აღესრულებოდა მაშინ, მრავალი სნეული განიკურნა სვეტთან მიახლოებით. ამ სვეტს სვეტიცხოველი ანუ ცოცხალი სვეტი უწოდეს. აქედანაა სვეტიცხოვლის ტაძრის სახელწოდება. ხალხის დიდმა ნაკადმა მეფეს უბიძგა სვეტის გარშემო ზღუდე გაეკეთებინა. საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი – სვეტიცხოველი ამ ადგილზე აშენდა. მალევე, ამ ამბის შემდეგ, საბერძნეთიდან მეფე კონსტანტინემ გამოგზავნა მთავარეპისკოპოსი იოანე სამღვდელოებასთან ერთად. მათ ჩამოაბრძანეს მაცხოვრის ხატი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი. მოინათლა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, მათი შვილები, წარჩინებულები და ურიცხვი ხალხი. მცხეთელები სიხარულით მიდიოდნენ მოსანათლად. მათ ახსოვდათ წმინდა ნინოს სიტყვები: ვინც არ მოინათლება წყლითა და სულიწმიდით, ის ვერ იხილავს საუკუნო ცხოვრებას და ჯოჯოხეთში დაიტანჯება. მღვდლები მიმდებარე დასახლებულ ადგილებში დადიოდნენ და ყველას ნათლავდნენ. მთელი ქართლი მოექცა, კეთილმაუწყებელი წმინდა ნინოს ღვაწლით ის უკვე ამისათვის მზად იყო. მირიან მეფის ბრძანებით ერთი მარადმწვანე სურნელოვანი ხისგან სამი ჯვარი გამოთალეს, რომელთაგან ერთი აღმართეს მცხეთის მახლობლად მდებარე მთაზე, სადაც შემდგომ ჯვრის მონასტერი აღიმართა. მეორე ჯვარი თხოთის მთაზე აღმართეს, იქ, სადაც უფალმა მირიან მეფეს გონება გაუნათლა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. მესამე ჯვარი წმინდა ნინოს მოწაფემ, სალომე უჯარმელმა ქალაქ უჯარმაში აღმართა. წმინდა ნინომ მთაში განაგრძო ქადაგება, ჭართლელ-ფხოველებს უქადაგა. მთიელებმა მალე მასთან ჯგუფებად მისვლა დაიწყეს. მისი ქადაგებებისა და სასწაულების ზეგავლენით, რომლებსაც წმინდა ქალწული ღვთის სახელით აღასრულებდა, ისინი გაქრისტიანდნენ. მათი მოქცევის შემდეგ წმინდა ნინომ ერწო-თიანეთში იქადაგა, შემდეგ – კახეთში. კახთა მთავრებმა ირწმუნეს მისი ქადაგება და მოინათლნენ. ამის შემდეგ წმინდა ნინო დასნეულდა და მცხეთისკენ გამოემართა, მაგრამ დაბა ბოდბეში რომ მივიდა, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. წმინდანს ღვთისაგან თავისი მოახლოებული გარდაცვალების შესახებ ეუწყა. მან ამის შესახებ მაშინვე მეფე მირიანს მისწერა. წმინდა ნინო მეფეს ჭეშმარიტი სარწმუნოების მტკიცედ დაცვისკენ და ქადაგებისკენ მოუწოდებდა. წერილის დასასრულს ეწერა: "აწ მოაშვრეთ ჩემდა წმიდა ეგე მამათმთავარი და კეთილი მწყემსი, რათა წარმგზავნოს და მომცეს საგზალი სულისა საუკუნო, რამეთუ ჟამი განსლვისა ჩემისა მოახლებულ არს". წერილი რომ წაიკითხეს, მეფე, ყველა დიდებული და მთელი სასულიერო დასი ეპისკოპოსთან ერთად მომაკვდავთან გაემართა. წმინდა ნინოს ცოცხალს მიუსწრეს, მოიკითხეს და კურთხევა მიიღეს მისგან. მთავარეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდანი ქრისტეს ხორცსა და სისხლს აზიარა. ამის შემდეგ მოციქულთასწორმა ნინომ სული თვისი ღმერთს შეჰვედრა. სიკვდილის წინ მოწაფეების დაჟინებული თხოვნით წმინდა დედამ მათ თავისი წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ მოუთხრო. წმინდანისგან მოსმენილი მოწაფეებმა მაშინვე ჩაიწერეს და ამ მონათხრობმა უძველესი ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოაღწია. ქრისტეს კეთილმაუწყებლის სხეული ბოდბეში დაკრძალეს. ამ ადგილმა მალე მრავალრიცხოვანი სასწაულებით გაითქვა სახელი. მის საფლავზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააშენეს და საეპისკოპოსო ტაძრად განაჩინეს. საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 14(27) იანვარი წმინდანის გარდაცვალების დღეა, ხოლო 18 აპრილს (ახ.სტ. 1 მაისს) წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას ვდღესასწაულობთ. იშვიათად თუ განუცდია რომელიმე ერს სარწმუნოების გამო ისეთი დევნა, როგორც ქართველ ერს, მაგრამ უსჯულოთა ზეწოლამ მასში მართლმადიდებლობის შემუსვრა ვერ შეძლო, ვერ გატეხა რწმენა, რომელიც სულით ძლიერმა ქრისტიანმა ქალწულმა აქ დანერგა. სასწაულებრივ ხატებთან, რომლებითაც ღმერთმა ივერიის მიწა აკურთხა, და ქართველ წმინდა მოწამეთა ნაწილებთან ერთად წმინდა ნინოს საკვირველი ჯვარი დღემდე ინახება საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში. წმინდა ნინო ახლა ღმერთთანაა, ზეცაში და ყოველთვის ისმენს ჩვენს ლოცვას, როცა მისგან შეწევნას ვითხოვთ. ძვირფასო ბავშვებო, ლოცვისას ასე უნდა ვევედროთ წმინდა ნინოს: "წმინდაო მოციქულთასწორო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"
ცხოვრება წმიდისა მამისა ჩუენისა გერასიმესი
4 (17) მარტი; ბრწყინვალე მამა ჩვენი გერსიმე იყო ლუკიის ქვეყნიდან. საღვთო საქმეს ბავშვობიდანვე შეუდგა, რადგან, სიყრმიდან ღვთისათვის იყო შეწირული და იზრდებოდა მონასტერში, სადაც სწავლობდა მონასტრის მოღვაწეებისაგან სამონაზვნო წესებს, რითაც იწვრთნებოდა და აღორძინდებოდა. ასე იზრდებოდა შრომასა და თავის წვრთნაში და მარხვითა და დიდი ღვაწლით ემსახურებოდა შემოქმედს და ესწრაფოდა მიეღო სათხოვარი ღვთისაგან და შეესრულებინა ნება მისი. ამიტომაც თავიდანვე აირჩია მეუდაბნოება, იკვებებოდა მხოლოდ ბალახეულით. უამრავი ბრძოლები გადაიტანა მან ეშმაკისაგან და მრავალი წლის შემდეგ მიიღო ღვთისაგან ძალა მათი დათრგუნვისა და მთლიანად მიუძღვნა თავი ღვთის სიყვარულს და იწყო მასში სიკეთემ ზრდა. ამის შემდგომ მოვიდა წმიდა ქალაქ იერუსალიმში სიწმიდეთა მოსალოცად, შემდეგ ჩავიდა იორდანეზე და იმყოფებოდა მკვდარი ზღვის უდაბნოებში და ცხოვრობდა მძოვართა მსგავსად. აი ამ წმიდა გერასიმემ განანათლა იორდანის უდაბნონი და მთელ ქვეყანაზე განცხადდა მისი სახელი: იგი სათნოებებს ჰმატებდა ახალ სათნოებებს, ესწრაფოდა გულის სიწმიდესა და ღვთის სიყვარულის შეძენას. განისწავლა ღვთაებრივი სიბრძნით, გაულისსიტყვები განიწნიდა და შეიმოსა ღვთის ძალით. ამის შემდგომ მან დააარსა დიდი ლავრა, სადაც ბევრმა იწყო მოღვაწეობა სულის ცხონებისათვის. წმიდა მამის განგებით ახალი მონაზვნები მონასტერში იმყოფებოდნენ და სწავლობდნენ სამონასტრო ცხოვრებას, ხოლო ისინი, რომელთაც სულიერ ცხოვრებაში უკვე მიეღწიათ წარმატებისათვის, განმხოლოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი მამა გერასიმემ გამოქვაბულებში განაწესა და წესად დაუდგინა, რომ თითოეულს თავის სენაკში უნდა გაეტარებინა მთელი შვიდეულის ხუთი დღე, არაფერი არ უნდა მიეღოთ გარდა პურის, ველური ხილისა და სასმელი წყლისა, ხოლო შაბათს უნდა შეკრებილიყვნენ წმ. ეკლესიაში და ზიარებოდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ. მონასტერში მიიღებდნენ საზრდელს, წვენს, მცირეოდენ ღვინოს ღვთის სადიდებლად, ღამე კი კვირის ცისკრამდე ლოცვასა და ფსალმუნებაში უნდა გაეტარებინათ ფხიზლად. სანთელს არავინ ანთებდა თავის სენაკში, ერიდებოდნენ წყლის გათბობასაც, ან წვნიანის შემზადებას. სახმარი არაფერი ჰქონდათ, იყვნენ მდაბალნი და მორიდებულნი ყოველ საქმეში, რითაც სძლევდნენ ხორციელ ვნებებს და დათრგუნვიდნენ ნაყროვანებას. არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი ვნებებიც, როგორიცაა შფოთი, გულისწყრომა და გაცხარება, - უცხო იყო მათთვის. ყოველ ჟამს განწმენდდნენ თავიანთ გულისსიტყვებსა და ცოდნას, რომელიც კი საღმრთო ცოდნას ეწინააღმდეგებოდა. სულით იყვნენ ანგელოზებთან და ცდილობდნენ, რომ ამქვეყნიური ცხოვრებიდან ბევრი მიეზიდათ ზეციური მსახურებისაკენ. მამები ხელსაქმესაც ასრულებდნენ: ისინი წმ. მამის მითითებით თავიანთ სენაკებში ჭილობებსა და გოდრებს წნავდნენ. ყოველი კვირის ბოლოს ღებულობდნენ პურს, ფინიკსა და წყალს კოკით და მიჰქონდათ თავიანთ სენაკებში ხორცის სანუგეშოდ. სხვა ქვეყნიური ნუგეში უცხო იყო მათთვის, სხვაფრივ ამ ქვეყნისათვის იყვნენ მომკვდარნი, ცოცხლობდნენ მხოლოდ ღვთისათვის. სენაკებში არავის ჰქონდა რაიმე ქვეყნიური სახმარი, გარდა აუცილებელისა: ერთი კვართი, მოსასხალი და კუნკული. სარეცლად თითოეულს ჰქონდა ჭილობი, ხოლო სასთუმლად თიხის ძველი ჭურჭელი, რომელშიც ჭამდნენ კიდეც და ბალახსაც ალბობდნენ. წმიდა მამის დადგინებით სენაკების კარები ღია იყო ყოველთვის. თუ ვინმეს სენაკიდან რაიმეს წაღება უნდოდა, არავინ აყენებდა. ცხოვრობდნენ ერთგულებითა და ერთსულოვნებით. არავის მიაჩნდა რაიმე სახმარი მარტო თავისად, არამედ ყველაფერი საზიარო ჰქონდათ. ერთ დღეს წმიდა მამასთან მოვიდნენ ზოგიერთი ძმები და სთხოვეს კურთხევა, რათა თავიანთ სენაკებში ესარგებლათ თბილი წყლით, მიეღოთ წვნიანი, აენთოთ სანთელი და ღამით ეკითხათ წიგნი. ბერმა მიუგო მათ: თუ გნებავთ თბილი წყალი, წვნიანი და სანთელზე კითხვა ღამით, მაშინ ჯობია რათა იყოთ ზოგად-ცხოვრებულთა მონასტერში, მე ვერ გაიძულებთ იცხოვროთ ჩემი ცხოვრებით. როცა იერიქოში მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ მამა გერასიმეს მონაზონნი ასეთ დიდი მოღვაწეობაში იყვნენ, დაიწყეს შაბათ-კვირას საჭმლის მიტანა მათთვის. ბერებმა ნახეს რა ერისკაცთა სიარული მონასტერში, შეწუხდნენ და მათგან მორიდებას შეეცადნენ, რადგან მონაზონისათვის არ არსებობს უმეტესი სათნოება, ვიდრე მუცლის მარხვა. სწორედ მისგან მოდის სიწმიდე და ითრგუნება საძაგელი გულისთქმანი და ქვეყნიური საქმენი. მოღვაწენი თავშეკავებას სწავლობდნენ წმიდა მამისაგან და ამბობდნენ, რომ მან სძლია გემოთმოყვარებას და სათნოებათა სისრულეს მიაღწია. იგი კვირიდან კვირობამდე მარხულობდა იორდანის უდაბნოში, დიდ მარხვაში ორმოცი დღეც კი დაუყვია უჭმელად, კვირა დღეს ეზიარებოდა და მით განძლიერდებოდა. ამბა კვირიაკოს მძოვარმა თქვა მასზე: როცა ჭაბუკი ვიყავი და მინდოდა მონაზვნობა უდაბნოში, მივედი წმ. ექვთიმე დიდის ლავრაში და მისი წმიდა ხელით შევიმოსე მონაზვნური სქემით და მიმავლინა მამა გერასიმესთან, რომელმაც არ ისურვა, რომ ლავრაში ყოფილიყო ყრმა, ამიტომ მიმიღო ზოგად-ცხოვრებულთა მონასტერში და მიბრძანა რათა მამებს მოვმსახურებოდი. მამათა მსახურებაში გავატარე ხუთი წელი. მეხუთე წლის დასასულს, იანვრის ცხრამეტს, მეხუთე ჟამზე, როცა შაბათი თენდებოდა, მღვიძარედ ვიჯექი და მამებისათვის მხალს ვარჩევდი; ჩემთან მოვიდა მამა გერასიმე და მითხრა: კვირიაკოს, ადექი მალე, ჩაიცვი შენი სამოსი და სანდალნი, და მე გამომყევი. მე მაშინვე მას გავყევი, როცა იერიქოს მივადექით, ბერს ვკითხე: მამაო პატიოსანო, რა არის ჩვენი ასეთი აჩქარების მიზეზი? მითხრა: წმიდა ექვთიმემ შეისვენა. დიდად გამიკვირდა და ვუთხარი: როგორ შეიტყვე ეს? ბერმა მომიგო: - ღამით, მესამე ჟამზე, როცა ლოც?ლი, საიდანაც გადმოვიდა ელვისებური ნათელი, როგორც ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ცამდე ანათებდა. როცა ვერ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ეს ხილვა, ვთხოვე უფალს, რომ გამოეცხადებინა ჩემთვის. და მომესმა ზეციური ხმა: ეს არის ზეცად აღმავალი სული წმ. ექვთიმესი. და ამ ნათლის სვეტმა იწყო ასვლა დედამიწიდან ზეცას მრავალთა გალობის თანხლებით. ამით შევიტყვე, რომ შეისვენა დიდმა ექვთიმემ - მართლაც, მივედით და თაყუანი ვეცით წმიდანის გვამს, დავმარხეთ და უკან დავბრუნდით და ღმერთს ვადიდებდით. წმ. გერასიმეს ჰქონია წმ. ანტონი დიდის მსგავსი მადლი, რომელმაც იხილა წმ. ამონის სული ზეცას აღმავალი. ასევე წმ. გერასიმემ სულიერი თვალით ნახა წმ. ექვთიმეს სული ზეცისაკენ ამაღლებული. ჭეშმარიტად სული წმიდის სადგურსა და ღვთის სიტყვის ტაძარს წარმოადგენდა იგი. უფალი უცხადებდა მას შორეულსა და ახლობელს, ღვთის ძალით მწყსიდა იგი თავის ძმებს და თესდა მათში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რითაც განსწავლა და განანათლა ისინი. ამან იგი გახადა ღვთის რჩეული და ასევე მშვიდობით შეავედრა უფალს თავისი სული და განისვენა. წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. უდაბნოში მოღვაწე მამებს ჰყავდათ ერთი ვირი, რომლითაც იორდანიდან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა იორდანეს დაშორებული იყო ერთი მილით. მამები ჩააბარებდნენ ხოლმე ლომს ვირს, რათა ებალახებინა მდინარის პირას. ერთ დღეს როცა ვირი ძოვდა ჩვეულებრივ, ლომი ცოტა ხანს განეშორა მას. ამ დროს ვიღაც მეაქლემე მოდიოდა გზაზე, ნახა ვირი და გაიყოლა თან. ლომი, რომელმაც ვეღარ იპოვა ვირი, დამწუხრებული დაბრუნდა ბერთან, რომელმაც იფიქრა, რომ სახედარი თვითონ ლომმა შეჭამა. ბერის წინ მდგარ ლომს დამნაშავესავით თავი მოეხარა ხმას არ იღებდა. ბერმა წყრომით ჰკითხა: სად არის ვირი? როცა ლომი დუმდა, ბერმა უთხრა: იმისთვის რომ შეჭამე იგი, ღვთის სახელით გეუბნები ვირის მაგივრად მოემსახურები მამებს და ყველაფერს გააკეთებ, რასაც სახედარი აკეთებდა. იმ დღიდან გადაჰკიდებდნენ ხოლმე ლომს ხურჯინს, რომელშიც ოთხი კოკა თავსდებოდა და ასე ეზიდებოდა ლომი ბერებისათვის წყალს. ერთ დღეს ვიღაც კაცი მოვიდა ბერთან და როცა ნახა თუ როგორ მორჩილად ეზიდებოდა ლომი წყალს, გაკვირვებამ მოიცვა. მამებმა მოუთხრეს მისი ამბავი. კაცს შეებრალა ლომი და ვირის საფასურად ბერს მისცა სამი დრაჰკანი და პირუტყვი მძიმე საქმისაგან გაათავისუფლებინა. რამოდენიმე ხნის შემდგომ მეაქლემე, რომელმაც ადრე წაიყვანა ვირი, ქარავანით მიდიოდა იერუსალიმს და თან ჰყავდა ის ვირიც. როცა იორდანეს გამოსცდა, წააწყდა ლომს, რომლის შიშითაც მიატოვა აქლემები და სახედარი და გაიქცა. ლომმა იცნო ვირი, მის საბელს ჩაავლო კბილები, როგორც ეს წესად ჰქონდა უწინ, როცა აბალახებდა მას, და აქლემებთან ერთად გაუძღვა მონასტერში. ლომი ვირის პოვნით დიდად იყო გახარებული. როცა ბერმა შეიტყო ამის შესახებ, მიხვდა რომ ლომი მართალი იყო და უსამართლოდ იყო დასჯილი. წმიდა მამამ ლომს სახელად დაარქვა იორდანე. ამის შემდეგ ლომმა ხუთი წელი დაჰყო ბერთან განუშორებლად. გავიდა დრო და ბერი გარდაიცვალა, მამებმა პატივით დამარხეს იგი. ღვთის განგებით ლომი მაშინ არ იყო იქ. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა ლომი და იწყო ბერის ძებნა. ბერის მოწაფემ ამბა სამბატიოსმა სევდიანად უთხრა ლომს: იორდანე, დაგვტოვა ჩვენ ბერმა ობლად და წავიდა უფალთან, მოდი და მე გაჭმევ. ლომმა არ ისურვა საჭმლის მიღება, არამედ აქეთ-იქით იხედებოდა, რათა ახლობელი ბერისათვის თვალი მოეკრა. როცა ვერსად ნახა, იწყო დიდი ხმით ღმუილი. მამა სამბატიოსი და ბერის სხვა მოწაფენი ზურგს ფხანდნენ ლომს სიტყვებით: წავიდა ჩვენი მამა უფალთან და დაგვტოვა ჩვენ. სხვა დასამშვიდებელ სიტყვებსაც ეუბნებოდნენ მამები ლომს, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მისი ღმუილი და სახის გამომეტყველება დიდ შინაგან მწუხარებას მიანიშნებდა. მაშინ მამა სამბატიოსმა უთხრა მას: რადგან არ გჯერა ჩვენი ნათქვამის, წამოდი და გიჩვენებ იმ ადგილს, სადაც დავმარხეთ ჩვენი მამა. და წაიყვანა ლომი ბერის საფლავთან, სადაც მან მუხლი მოიყარა და ტირილით უთხრა ლომს: აი, აქ მარხია ჩვენი მამა. ლომი აღარ მოშორებია საფლავს, იწყო საფლავზე თავის რტყმა და ასე საფლავს დააკვდა. მამებმა ლომი გერსიმეს საფლავთან სიახლოვეში დაკრძალეს. ეს საკვირველი ამბავი უფალმა დაუშვა იმისათვის, რომ ყველას წინაშე ედიდებინა მისი ჭეშმარიტი მადიდებელი წმიდა გერასიმე პალესტინელი არა მარტო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც კი. ამით უფალმა გაგვახსენა ისიც, თუ როგორ ემორჩილებოდნენ ადამს მხეცები, ვიდრე იგი უყო უცოდველი და ცხოვრობდა სამოთხეში. წმიდა მამა გერასიმემ შეისვენა მარტის თვის ოთხში. ღმერთმა არ მოგვაკლოს მისი ლოცვა-კურთხევა და შეწევნა ზეციური. უფალსა ჩვენსა იესუ ქრსიტეს დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირსი სერაფიმე საროველი - სასწაულთმოქმედი
2 (15) იანვარი; ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება. პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა. პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანისაცემად. სქემ-მონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ახალი მორჩილი სიხარულით ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, ისე გულმოდგინედ იღწვოდა, თითქოს თავად უფალს ემსახურებაო. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა, ყველაზე საშიში საცდურია. ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. „მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი,” – უთხრა მან მამა პახუმის და ზიარება მოითხოვა. და აი, მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისემეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა. წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე მსახურებდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურღიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა. 1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა. წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან. ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმიდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი. როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ, მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმიდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვა-ლოცვაზე მაინც მისულიყო მათთან, ან საერთოდ დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორ მანძილზე სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ. სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის, ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  © 2025 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE